ფსიქოლოგის ოთახი

საგნები რომელზეც არ უნდა იდარდო – სკოტ ფიცჯერალდის წერილი შვილს

January 10th, 2013 | by ოთხი მოტივი
საგნები რომელზეც არ უნდა იდარდო – სკოტ ფიცჯერალდის წერილი შვილს
წერილები
0
ერთხელ სკოტ ფიცჯერალდმა თავის 11 წლის გოგონას წერილი მისწერა.
არსებობს საგნები, რომელზეც უნდა იდარდო:
ეს არის შენი მხნეობა,
უბიწოება,
ეფექტურობა,
ოჯახი,
განათლება,
იდარდე ამაზე…
და ასევე არსებობს საგნები, რომელზედაც არ უნდა სწუხდე:
ეს არის პოპულალური აზრები,
ფუფუნების საგნები,
წარსული და მომავალი,
ტრიუმფი,
დამარცხება, თუ იგი შენი შეცდომიდან არ მომდინარეობს,
მამაკაცები,
იმედგაცრუებები,
სიამოვნება,
და კმაყოფილება.
საკითხები, რომელზეც უნდა დაფიქრდე:
რა მიზანი მამოძრავებს?
და რამდენად კარგი ვარ ჩემს თანატოლებთან შედარებით?
1. ვცდილობ თუ არა ჩემი სხეული და გონება საჭიროებისამებრ გამოვიყენო, თუ არ ვაკეთებ ამას?
2.რამდენად განსწავლული ვარ?
3. შემიძლია თუ არა გავუგო ადამიანებს და მქონდეს ურთიერთობა მათთან?

ბავშვის თამაში ფსიქოლოგთა გადმოსახედიდან

February 3rd, 2014 | by ოთხი მოტივი
ბავშვის თამაში ფსიქოლოგთა გადმოსახედიდან
ფსიქოლოგია
0
თამაში ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ის ადამიანის ცხოვრების მთელ მნიშვნელოვან პერიოდს,ადრეული ხანის ბავშვობას უდევს საფუძვლად.ის ერთადერთი ძირითადი პრაქტიკის ფორმაა,რომლის ნიადაგზეც მისი განვითარება მიმდინარეობს.სწორედ თამაშის საშუალებით ახერხებს ბავშვი სოციალიზაციას, სენსორული პროცესების, ფსიქო-ფიზიკური ძალების და კოგნიტურ განვითარებას. ამიტომ არც არის გასაკვირი ის ფაქტი,რომ თამაშის პრობლემა დიდი ხანია მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეს თემა ბევრი ფსიქოლოგისათვის კამათის საგანი შეიქნა, რადგან თამაშის მიზეზს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. მაგალითად, სპენსერის აზრით ბავშვი დაგროვილი ჭარბი ენერგიის განსატვირთად თამაშობს. გროსის მოსაზრებით თამაშით პატარა მომავალი სერიოზული ცხოვრებისათვის ემზადება.ბიულერი თამაშის მიზეზს სიამოვნებას მიაწერს. შტერნის აზრით თამაშის შესახებ ყველა არსებული თეორია შეიძლება სამად დაჯგუფდეს იმის მიხედვით, თუ რასთან დავაკავშირებთ თამაშს-სუბიექტის აწმყო მისწრაფებებთან და ინტერესებთან, წარსულიდან მომდინარესთან თუ მომავალთან.
აწმყოს თეორიებს განეკუთვნება ზემოთხსენებული სპენსერის თეორია,დასვენების თეორია,რომელიც თამაშს დასვენებად მიიჩნევს.ადლერის თეორია-ხაზს უსვამს ბავშვის სისუსტეს,რომელიც ამ სისუსტის კომპენსაციას ფანტაზიებში წასვლით,კერძოდ თამაშით ახერხებს.ფროდისი თეორია-თამაშის შინაარსში სქესობრივი მისწრაფება უნდა ვეძიოთ.
წარსულის თეორიები:სტენლი ჰოლი მიიჩნევდა,რომ იმ ტენდენციების სათავე,რომელიც თამაშის პროცესში პოულობს გამოვლენას,კაცობრიობის წარულში უნდა ვეძიოთ.
მომავლის თეორიებს განეკუთვნება:გროსის თეორია,შტერნის თეორია,რომელსაც იგი პერსონალისტურს უწოდებს.მისი აზრით თამაში ისეთი პროცესია,რომელიც აწმყოსა,წარსულის და მომავლის ტენდენციებს შეიცავს.თამაში წინასწარი ვარჯიშია ჩვენი შესაძლებლობებისა.შტერნის თეორია სხვებისგან ეკლექტიკური ბუნებით გამოირჩევა.მომავლის თეორიებს განეკურნება დიმიტრი უზნაძის ფუნქციონალური ტენდენციის თეორია,რომლის მიხედვით თამაში ინტროგენური ქცევის ფორმას განეკუთვება,რადგან ის ბავშვის შინაგანი მოთხოვნილებიდან მომდინარეობს.ამას ფუნქციონალური ტენდენცია განაპირობებს,ანუ ბავშვს არსებული ფუნქციების ამოქმედების ტენდენცია აქვს რასაც თამაშით ახერხებს.
კრაიგის მიხედვით პატარებს ორი სახის თამაშის ფორმა ახასიათებთ ჩვილობისას, ესენია: საგნობრივი, ექსპერიმენტული თამაში: 5 თვიდან როდესაც ბავშვი იწყებს ნივთების ტაცებას,პირში ჩადებას და მთავრდება 3წლის ასაკში მიბაძვისა და ფანტაზიორობის რთული ფორმების ჩამოყალიბებით.თავიდან მათ არ ესმით საგნების დანიშნულება,ათვარიელებენ,ამოწმებენ.შემდეგ ცდილობენ ისარგებლონ ამ საგნით დანიშნულებისამებრ, მაგალითად თითქოს ლაპარაკობენ ტელეფონზე.
ილუზიების თამაში-ეს ფორმა იწყება ორი წლიდან (ბავშვი ფანქარს იდებს პირში ვითომ სიგარეტს ეწევა) თუმცა მისი გამოვლენის ცალკეული შემთხვევები 1,3 წლიდანაც გვხვდება.ბავშვები უკვე ანიჭებენ თამაშში გამოყენებულ საგნებს მნიშვნეობას.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის დამახასიათებელია როლური თამაშები და იმიტაცია,ფიზიკური ობიექტების გამოკვლევა და ეგოცენტრიზმი.განვიხილოთ თითოეული მათგანი:
როლური თამაშები და იმიტაცია: თამაშის ამ სახეობისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა როლების და სიტუაციების გათამაშება,მაგალითად ექიმობანას ან სახლობანას თამაში.სიუჟეტ-როლური თამაშები გულისხმობს არა მხოლოდ რამდენიმე მოქმედების იმიტაციას,არამედ ფანტაზიის მნიშვნელოვან ელემენტებს.
ფიზიკური ობიექტების გამოკვლევა-როცა სკოლამდელები თამაშობენ სხვადასხვა ფიქიკური ობიექტებითა და მახასიათებლებით ისინი ეცნობიან მათ თვისებებს და იმ კანონებს,რომელთაც ეს ობიექტი ემორჩილება, მაგალითად კონსტრუქტორებით თამაში, ‘’ფაზლის’’ აწყობა,პლასტელინით თამაში.
რაც შეეხება ეგოცენტრიზმს;მის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა შვეიცარიელმა მეცნიერმა ჟან პიაჟემ, რომელიც ბავშვის თამაშის შესწავლისას ეგოცენტრიზმის უხვ გამოვლინებას წააწყდა.მაგალითად,ბავშვები თამაშისას თავისთვის ლაპარაკობენ,ისე რომ არ ჰყავთ სასაუბრო ობიექტი.
მიუხედავად მრავალი განსხვავებული თეორიისა ფაქტი ერთია, რომ თამაშს უდიდესი როლი აქვს პიროვნების ფორმირებაში. სწორედ ამიტომ ეს საკითხი წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას.



იყო გამორჩეული ნიშნავს:

February 9th, 2014 | by ოთხი მოტივი
იყო გამორჩეული ნიშნავს:
წარმატება და წარმატებული პიროვნება
0
გამორჩეულია ადამიანი,რ ომელიც  გვერდით ჩაუვლის პატარა ლითონის ნაჭერს და მასში მშვენიერი ქანდაკების შექმნის შესაძლებლობას ხედავს. იგი ქალაქის ძველ და უსიცოცხლო ნაწილშიაც კი ახალი დასახლების განვითარების პერსპექტივას ამჩნევს.  გამორჩეული ადამიანი ცხოვრების ყოველ კუთხე–კუნჭულში შესაძლებლობებს ხედავს!
იყო გამორჩეული ნიშნავს ფართოდ გაახილო თვალები, იყო აქტიური,იყო საკმარისად ნიჭიერი, თავდაჯერებული და კრეატიული იმისათვის,  რომ დაინახო შესაძლებლობები.
გამორჩეული ადამიანი ამბობს: ჯერ გაარკვიე რისი გაკეთებაა საჭირო, ვიდრე მოქმედებას დაიწყებდე. შეაგროვე ინფორმაცია, იყავი მომზადებული და გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ მომავალს უფრო ძლიერი შეხვდე.
გამორჩეული ადამიანი მომავალს აწმყოში ხედავს. იგი მუდამ პოულობს გზას, რომ სარგებელი მიიღოს ნებისმიერი სიტუაციიდან და არა პირიქით. გამორჩეული ადამიანები ზარმაცები არ არიან .ისინი არ ელოდებიან, თუ როდის მივლენ შესაძლებლობები მათთან , ისინი არჩევენ თვითონ წავიდნენ მათ საძებნელად.
იმისათვის, რომ იყო გამორჩეული ორი რამაა საჭირო :
შემოქმედებითი უნარი. შენ გჭირდება შემოქმედებითი უნარი, რომ სწორად შეაფასო სიტუაცია. გჭირდება შემოქმედებითი უნარი იმისათვის, რომ დაინახო სამყარო სულ ცოტათი განსხვავებულად… გჭირდება შემოქმედებითი უნარი იმისათვის, რომ აირჩიო განსხვავებული გზა – იყო განსხვავებული..
მხნეობა რომ იყო შემოქმედებითი. შენ გჭირდება მხნეობა , რომ შეხედო სამყაროს განსხვავებული თვალით, წახვიდე ხალხის აზრის წინააღმდეგ, აირჩიო განსხვავებული გზა, დადგე მარტო, თუ ეს საჭირო იქნება ! ! ! და აირჩიო მოქმედება, უმოქმედობასა და მოქმედებას შორის..
იყო გამორჩეული ამ ყველაფერთან ერთად ნიშნავს იმას, რომ იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი თავით.. არ გქონდეს იმის შეგძნება, რომ ყველაფერი არ გააკეთე, რაც შეგეძლო. გქონდეს იმდენი შეგნება  და ღირსების გრძნობა, რომ კვლავაც არ შეწყვიტო ბრძოლა და მუდამ ეძებო შესაძლებლობები…
შენიშვნა: ავტორი: ჯიმ რონი.




როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა


1898259_558388367590181_489899224_n
თამარ ადამია – ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, წიგნისადმი ინტერესმა იკლო. მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ წიგნით მიღებული ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვან კვალს ტოვებს პიროვნების მრავალმხრივ ინტელექტუალურ განვითარებაზე, რომ არაფერი ვთქვათ მეტყველებაზე, აზროვნებაზე… ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროსთან შეგუებას დღეს, მითუმეტეს მომავალში მხოლოდ ხარისხიანი განათლების მქონე, წიგნიერი ადამიანები შეძლებენ. წიგნიერების თემაზე საუბრობს ჩვენი ბლოგის სტუმარი, ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ ადამია.
 _ რა ასაკიდან უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი?
ბავშვი უკვე ერთი წლიდან უნდა მივაჩვიოთ წიგნთან ურთიერთობას. მაგალითად, ელფს აქვს 12 პატარა, ბავშვის ხელისგულისოდენა შემეცნებითი წიგნი, რომელიც ერთ დიდი ყუთში დევს. ეს წიგნები ბავშვს ამ ასაკიდან შეგვიძლია მივცეთ, თან უნდა ვესაუბროთ წიგნში მოცემულ ილუსტრაციებაზე. მოკლედ, წიგნის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. რადგან, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მცირე ნებისყოფა გააჩნია იმისთვის, რომ მოისმინოს 15-20 წუთიანი ხანგძრლივობის ინფორმაცია, ის უბრალოდ ,,გამორთავს ყურებს” და ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს. არასწორად შერჩეულმა წიგნმა შეიძლება მას საერთოდ დაუკარგოს წიგნისადმი ინტერესი.
_ რა მოცულობის უნდა იყოს ტექსტი?
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ერთი წლის ასაკში ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 30-40-50 სიტყვას.  უკვე 3 წლის ასაკში ბავშვებს მოსწონთ საყოფაცხოვრებო ზღაპრები, რომელშიც ცხოველები და ფრინველები მათთვის ნაცნოს საქმიანობას ეწევიან, მაგალითად თამაშობენ, ცელქობენ, აცხობენ _  ადამიანური ურთიერთობებით დატვირთული სიუჟეტები, ყველა ის საქმიანობა, რასაც ისინი გარშემო ხედავენ. მოკლედ მოსწონთ ცხოველეთა ურების სიუჟეტები.
ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა იცვლება მათი გემოვნება და ისინი უკვე ადამიანებზე, თავიანთ თანატოლებზე გადმოცემული ამბებით ინტერესდებიან, მოგვიანებით კი შემოდის ჯადოსნური ზღაპრები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი მიმბაძველი არსებაა: თუ მის გარშემო უფროსები ხშირად კითხულობენ წიგნებს, ბავშვი ყოველთვის შეეცდება მიბაძოს უფროსებს.

საუბრის დროს  ჩვილებიც კი  არჩევენს ემოციებს., ამიტომ მშობლების საუბარი უნდა იყოს ემოციური. როგორც უკვე აღვნიშნე, რეკომენდირებულია წიგნების კითხვა ერთი წლიდან, ეს უნდა იყოს მუყაოსგვერდებიანი წიგნები. თითოეულ  გვერდზე უნდა ეწეროს მხოლოდ ორი–სამი სიტყვა, დანარჩენი მოცულობა უკავია ილუსტრაციას, ანუ წამყვან როლს ასრულებს ილუსტრაცია და არა ტექსტი, ბავშვის ყურადღებას ილუსტრაცია იქცევს _ ფერები და რამდენიმე ობიექტი. ბავშვს უნდა მივცეთ წიგნის გადაფურცვლის, ილუსტრაციებზე დაკვირვების საშუალება. ასაკის მატებასთან ერთად ტექსტი მატულობს, ილუსტრაციებს ობიექტები ემატება და მოცულობაშიც მცირდება
4 წლიდან რეკომენდებულია წიგნში მოცემული ილუსტრაციების დათვალიერება წაკითხვამდე, კითხვების დახმარებით ილუსტრაციების აღწერა, ვარაუდების დონეზე წიგნში მოთხრობილი ამბის გამოცნობა. მსგავსი სტრატეგია ბავშვს წიგნისადმი დაინტერესებას უძლიერებს და წაკითხულს უფრო მეტი ყურადღებით მოუსმენს. შეგვიძლია ზოგჯერ შეწვიტოთ კითხვა, რათა ბავშვმა თავად გააგრძელოს ამბავი. უკვე 3 წლიდან სჯობს ბავშვი თავად წაიყვანოთ წიგნის მაღაზიაში და მასთან ერთად შეარჩიოთ მისი ასაკის შესაბამისი წიგნები. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყოველთვის წარმატებული და ნაყოფიერია სწორი მიდგომების შემთხვევაში.



აგრესიულ მოსწავლეთა ტიპოლოგია და მათთან მუშაობის სტრატეგიები
თარიღი: 28 თებერვალი 2014
ავტორი: მარინე ჯაფარიძე

მოსწავლეთა აგრესიის მატებას ვგრძნობთ მშობლები, მასწავლებლები, ექიმები, ფსიქოლოგები და მთელი საზოგადოება. ეს გამოწვეულია ფაქტორთა წყებით: 1. არასასურველი სოციალური პირობებით; 2. ოჯახურ აღზრდაში არსებული კრიზისებით; 3. ბავშვის ფსიქონევროლოგიური მდგომარეობისადმი არასათანადო ყურადღებით; 4. არაბუნებრივი და პათოლოგიური მშობიარობის წილის გაზრდით და სხვა. საკუთარი წვლილი შეაქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, კინო- და ვიდეოინდუსტრიას, რომლებიც რეგულარულ პროპაგანდას უწევენ ძალადობის კულტს.
აგრესია ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა და მისი ადეკვატური და უსაფრთხო გამოვლინება ჩარევას არ მოითხოვს. ბავშვები მას ზოგჯერ ჩვენი ყურადღების მისაპყრობად იყენებენ. თუ აგრესია დასაშვები ფორმითა და სიძლიერით ვლინდება, თანაც – გასაგები მიზეზით, საჭიროა, ბავშვს მივცეთ მისი გამოხატვის საშუალება, მოვუსმინოთ და შევეცადოთ, ყურადღება სხვა საქმიანობაზე გადავატანინოთ.
რას გვირჩევენ სპეციალისტები ბავშვის ან მოზარდის მხრივ აგრესიული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში? 
1. უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ კიდეც, მშვიდად შევხვდეთ გამოწვევას, მით უფრო - თუ იგი საშიში არ არის მოცემული მომენტისთვის. მაგალითად, მოვახდინოთ ქცევის იგნორირება ან გამოვხატოთ, რომ გვესმის მოზარდისა („რასაკვირველია, ნაწყენი ხარ და მე ეს მესმის"); გადავიტანოთ მისი ყურადღება და ამ მიზნით შევთავაზოთ რაიმე საქმიანობა („დამეხმარე ზედა თაროდან რვეულების ჩამოღებაში"), აგრესიული ქცევა პოზიტიურ მახასიათებელში გადავიყვანოთ („დაღლილობამ გაგაღიზიანა, არა?").
2. ყურადღება გავამახვილოთ მოსწავლის ქცევაზე და არა მის პიროვნებაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაწყნარდება, მართებულია, განვიხილოთ მისი ქცევა შეფასების გარეშე - რას აკეთებდა, რას ამბობდა „აქ და ამჟამად". მორალის კითხვა შედეგს არ მოგვცემს; უმჯობესია, ვაჩვენოთ, რა მოჰყვა მის საქციელს და ვუთხრათ, რომ აგრესიული ქცევა ყველაზე მეტად მას აყენებს ზიანს. ძალზე მნიშვნელოვანია, მივუთითოთ კონფლიქტურ სიტუაციაში შესაძლო ქცევის კონსტრუქციულ ხერხებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა აგრესიის შესამცირებლად არის მოსწავლესთან უკუკავშირის დამყარება. ამ მიზნით სასურველია შემდეგი ხერხების გამოყენება: ა) ფაქტის კონსტატაცია („აგრესიულად იქცევი"); ბ) დამაზუსტებელი კითხვის დასმა („გაბრაზებული ხარ?"); გ) აგრესიული ქცევის მოტივის დადგენა („ამით შენს ძლიერებას გვაჩვენებ?"); დ) მოსწავლის აგრესიული ქცევის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა („არ მომწონს, ამ ტონით რომ მელაპარაკები"); ე) წესის შეხსენება („ჩვენ ხომ შევთანხმდით..."). ამ უკუკავშირის დროს მასწავლებელმა უნდა გამოამჟღავნოს, სულ მცირე, სამი თვისება: ინტერესი, კეთილგანწყობა და ხასიათის სიმტკიცე. ეს უკანასკნელი ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქცევას და მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი ეწინააღმდეგება მის ქცევას და არა მას.
3. საკუთარი უარყოფითი ემოციების კონტროლი. მოსწავლის აგრესიული ქცევა მასწავლებელში უარყოფით ემოციებს იწვევს, ეს ბუნებრივია. მთავარია, მასწავლებელმა სახე არ დაკარგოს. უპირველეს ყოვლისა, მივიჩნიოთ, რომ ჩვენი ეს მდგომარეობა ბუნებრივია და არაფერი ხდება განსაკუთრებული. ამის შემდეგ აუცილებელია, მოვახეროთ ჩვენი ემოციების კონტროლი, გავაგრძელოთ მოსწავლესთან ნორმალური ურთიერთობა და მუშაობა.
4. დავუკარგოთ სიტუაციას სიმწვავე. მასწავლებლის მიერ დაშვებული ტიპობრივი შეცდომები ასეთია: ხმის აწევა, ყვირილი, მუქარის ტონის გამოყენება, ძალაუფლების დემონსტრირება („აქ ჯერ კიდევ მე ვარ მასწავლებელი, ისე იქნება, როგორც მე მინდა"), აგრესიული პოზის დემოსტრირება: დაძაბული ნიკაპი, შეკრული მუშტი, „სიტყვების კბილებში გამოცრა", სარკაზმი, დაცინვა, სხვა მოსწავლეების კონფლიქტში ჩართვა, ნოტაციები და „მორალის კითხვა", მუქარა, გამონათქვამები: „ყველანი ერთნაირები ხართ", „შენგანარაფერი გამოვა", ასევე - თავის მართლება, მოსყიდვის მცდელობა, ჯილდო... აქ ჩამოთვლილმა ზოგიერთმა რეაქციამ შესაძლოა დროებით შეაჩეროს მოსწავლე, მაგრამ საბოლოო შედეგი გაცილებით სავალალო იქნება, ვიდრე თავად აგრესიული ქცევა.
5. საქციელის განხილვა. ეს არ უნდა მოხდეს აგრესიული ქცევის გამოვლენის მომენტში. ესაუბრეთ მოსწავლეს მოგვიანებით, როცა აგრესია ჩაცხრება და ისიც დამშვიდდება, მაგრამ დაგვიანების საშიშროებაც არსებობს. ესაუბრეთ მარტო მყოფს, მოწმეების გარეშე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ობიექტური. დეტალურად განიხილეთ აგრესიული ქცევის შესაძლო შედეგები სხვებისთვის და საკუთრივ მოსწავლისთვისაც.
6. შეუნარჩუნეთ მოსწავლეს დადებითი რეპუტაცია. მოსწავლეს, მით უფრო - მოზარდს, ძნელია აღიარებინო, რომ მართალი არ არის ან დამარცხდა. მისთვის ყველაზე უარესია საჯარო გაკიცხვა და უარყოფითი შეფასება. ის ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს ასეთ სიტუაციას და იყენებს თავდაცვის სხვადასხვა მექანიზმს, რითაც საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნებას ახერხებს. ასეთი მექანიზმი მრავალია: წარმოდგენის შეცვლა („ვიხუმრე, დიდი ამბავი");მოგებიანი შედარება („ჩემზე უარესად ის მოიქცა"); შედეგების დამახინჯება („მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და დაეცა"); დეჰუმანიზაცია („ცუდი ბიჭია და ეგრე მოუხდება"). და მართლაც, ცუდი რეპუტაცია და უარყოფითი იარლიყი საშიშია: მივაკრავთ თუ არა მოსწავლეს ამ იარლიყს, ის თვითონვე ხდება თავისი აგრესიული ქცევის განმამტკიცებელი.
დადებითი რეპუტაციის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია: ა) შევამსუბუქოთ მოსწავლის საქციელი და საჯაროდ გამოვხატოთ ეს (მაგ.: „ცუდად გრძნობ თავს?" ან „არ გინდოდა მისი წყენინება, არა?"), მაგრამ პირისპირ დარჩენისას მას გულწრფელად ვუთხრათ ჩვენი აზრი; ბ) არ მოვითხოვოთ მისგან მორჩილება, დავრთოთ ნება, შეასრულოს მოთხოვნა ისე, როგორც შეუძლია. იძულება, ზუსტად შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა, შესაძლოა ახალი კონფლიქტის საბაბად იქცეს. შევთავაზოთ კომპრომისი ურთიერთდათმობის გზით
7. მოვიქცეთ არააგრესიულად . აგრესიული მოქმედების დროს ორივე მხარე კარგავს მოთმინებას და ჩნდება დილემა: იბრძოლო საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარო. უფროსი არ უნდა მოიქცეს აგრესიულად, მით უფრო - თუ მოსწავლე მცირე ასაკისაა. კონსტრუქციული ქცევის მოდელი, რომელიც მიმართულია აგრესიის შესამცირებლად, მოიცავს შემდეგ ხერხებს: არარეფლექსიურ მოსმენას (ანალიზისა და შეფასების გარეშე), ყურადღებიან სიჩუმეს - მოსწავლეს სურს, ყურადღებით მოუსმინო და არ სურს შენიშვნების მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბრაზდება, ღიზიანდება და კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. როგორ უნდა მოვიქცეთ? - ხელი შევუწყოთ, გამოხატოს თავისი აზრი, გამოვიყენოთ პაუზა, რათა მოსწავლე დამშვიდდეს და არავერბალური საშუალებებით გამოვხატოთ ინტერესი მის მიმართ, გამოვიყენოთ ე.წ. გრძნობების არეკვლის ტექნიკა ანუ ვაჩვენოთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია, დავსვათ დამაზუსტებელი კითხვები, გამოვიყენოთ იუმორი (და არა სარკაზმი).

აგრესიულ მოსწავლეთა ტიპები
1. ჰიპერაქტიური და აგრესიული ტიპი. ასეთ მოსწავლეს უჭირს იყოს დისციპლინირებული და დამჯერე. ასეთი ბავშვები უმეტესად იზრდებიან ოჯახებში, სადაც მათ „კერპად" მიიჩნევენ და ყველაფრის უფლებას აძლევენ. თანატოლთა კოლექტივში მოხვედრისას ისინი შესაძლოა აგრესიულნი გახდნენ. საჭიროა, ზედმიწევნით სწორად ავაგოთ მათთან ურთიერთობის წესები, შეზღუდვები, დავეხმაროთ და ვასწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. აქ მასწავლებელს დიდი ტაქტი მოეთხოვება. შეიძლება ამისთვის იუმორის გამოყენებაც. ასწავლეთ, არ გადააბრალონ თავიანთი დანაშაული სხვებს, იმუშავეთ ემპათიის, სხვების (თანატოლების, უფროსების, ცხოველების, საზოგადოდ, ცოცხალი სამყაროს) მიმართ თანაგრძნობის უნარის განვითარებაზე.
2. აგრესიული და ფხუკიანი ტიპი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ოჯახური აღზრდა ან სწავლის სირთულეები, არამედ, მაგალითად, ზრდისა და განვითარების პრობლებებიც. მაგალითად, ნერვული სისიტემის, საზოგადოდ, ორგანიზმის მომწიფების თავისებურებები, გაძლიერებული მგრძნობელობა, გაღიზიანება და სხვა. ეს ყველაფერი შეიძლება აგრესიის მაპროვოცირებელი გახდეს. დაეხმარეთ მოსწავლეს ფსიქიკური დაძაბულობისგან განტვირთვაში, მაგალითად, ჩართეთ ხმაურიან თამაშში. რაც მთავარია, შეისწავლეთ და შეძლებისაგვარად აარიდეთ თავიდან სიტუაციები, რომლებიც მასში აგრესიას იწვევს.
3. აგრესიული და გამომწვევი ტიპი. თუ მოსწავლე ხშირად უხეშობს თქვენთან, მაგრამ არა ყველასთან, გამოდის, რომ ეს ურთიერთობა ჯანსაღი არ არის - მოსწყინდით თქვენც და თქვენი გაკვეთილიც. არ იცის, როგორ მოიქცეს, აღარ ხართ მისთვის საინტერესო მიბაძვის ობიექტი. იშვიათად ხომ არ ეკონტაქტებით? თვითონაც გულგრილი ხომ არ ხართ მის მიმართ? მოწყენილ მოსწავლეებს სჩვევიათ საკუთარი განწყობილების, პრობლემებისა და ქცევის მიზეზების სხვებისთვის გადაბრალება. შეეცადეთ, ამ სირთულეს ერთად გაართვათ თავი, მაგრამ არა მის მაგიერ – საკუთარი პრობლემების გადაჭრაში თვითონაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, იკისროს გარკვეული ვალდებულებები და იგრძნოს პასუხისმგებლობა.
4. აგრესიული და მფრთხალი ტიპი. მტრობა და ეჭვიანობა შესაძლოა მოჩვენებითი „თავდასხმის" საფრთხისგან თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებით იყოს გამოწვეული. ამ დროს საგანგებო მუშაობაა საჭირო შიშების დასაძლევად. დაიხმარეთ სკოლის ფსიქოლოგიც, რომელიც იმუშავებს მოსწავლესთან და თქვენც გაგიწევთ კონსულტირებას, როგორ მოიქცეთ, რით დაეხმაროთ დილემის დროს სირთულეების დაძლევაში, მაგალითად, როდესაც სიტუაცია სასურველ-არასასურველის ზღვარზეა, მოსწავლესთან ერთად უზრუნველყოთ მისი მშვიდობიანად დასრულება.
5. აგრესიული და უგრძნობი ტიპი. ზოგიერთ მოსწავლეს ემოცური ინტელექტი შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეს. მათ არ შეუძლიათ თანაგრძნობა, საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის შეფასება. ისინი არიან ცივები, უგულოები. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ოჯახური აღზრდის ნაკლოვანებები, ინტელექტის განვითარებაში არსებული დარღვევები. სამაგიეროდ, მათ ახასიათებთ გაძლიერებული აფექტური აღგზნებადობა, რომელიც მჟღავნდება მშობლების, მასწავლებლებისა და ახლობლების მიმართ. მოსწავლე ძლიერ აღგზნებულია ან, პირიქით, საოცრად გულგრილი, უხეშად ექცევა ცხოველებს, ადამიანებს და არ ესმის, რომ მათ ეს წყინთ ან სულაც სტკივათ. შეეცადეთ, იმუშაოთ ისე, რომ მათში ჰუმანური გრძნობები გამოიწვიოთ: შეიცოდეთ და მათ თვალწინ მოეფერეთ ცხოველს, ყურადღება მიაქციეთ მოწყენილ მოსწავლეს და გამოხატეთ მისდამი თანაგრძნობა, დახმარების სურვილი. თუ ეს ყველაფერი არ იმოქმედებს, ასწავლეთ, იკისროს პასუხისმგებლობა - გამოისყიდოს საკუთარი აგრესიული ქცევით გამოწვეული „ცოდვები", მაგალითად, ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ხელი ჩამოართვას, ათხოვოს ნივთი და ა. შ.


ბავშვის აღზრდა – გიორგი გურჯიევი

ბავშვის აღზრდა – გიორგი გურჯიევი
ფსიქოლოგია
0
შეკითხვა: არსებობს ბავშვის აღზრდის მეთოდი, რომლის არსს ძილის წინ შთაგონების გამოყენება წარმოადგენს, რას იტყოდით ამაზე?
პასუხი: ამგვარი აღზრდა სხვა არაფერია, თუ არა თანმიმდევრული მოწამვლა. იგი უკანასკნელ ზომამდე ანადგურებს ნებისყოფას. აღზრდა ძალზედ ძნელი რამაა და იგი მრავალმხრივი უნდა იყოს. მაგალითად, შეცდომა იქნება თუ ბავშვებს მხოლოდ ფიზიკურ სავარჯიშოებს მივცემთ და სხვა არაფერს.
ზოგადად აღზრდა, სამწუხაროდ, მხოლოდ გონების განვითარებით შემოიფარგლება. ბავშვებს აძალებენ დაიზეპირონ ლექსები თუთიყუშებივით, თანაც ისე რომ ხშირად მას არაფერი ესმის და მშობლებს უხარიათ, თუკი მათი პატარა ამას ახერხებს. ასევე მექანიკურად სწავლობს იგი სკოლაშიც და როცა გამოცდასაც ჩააბარებს, მას კვლავ არაფერი ესმის და ვერც ვერაფერს გრძნობს. აზროვნების თვალსაზრისით იგი მოზრდილი, 40 წლის ადამიანია, თავისი არსით კი იგი 10 წლის ბავშვად რჩება. აზროვნებაში იგი არაფერს უფრთხის, თუმცა თავისი არსებით მფრთხალია.
მისი მორალი წმინდად მექანიკური და მხოლოდ ფორმალურია. როგორც ლექსები დაიზუთხა და დაიზეპირა გაუაზრებლად, ისევე გაიზუთხა მორალიც. ბავშვის არსება, მისი შინაგანი ცხოვრება, თავის ნებაზე, თვითდინებაზეა მიშვებული, რაიმე ზემოქმედების, ვისიმე ხელმძღვანელობის თუ მართვის გარეშე, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის მიმართ გულწრფელია, იგი ასკვნის, რომ მოზრდილებს ისეთივე მცირეოდენი მორალი აქვთ, როგორც ბავშვებს: ჩვენი მორალი სრულიად თეორიული და ავტომატურია, მაგრამ როდესაც ნამდვილად გურწფელნი ვართ, შეგვიძლია დავინახოთ და შევიგრძნოთ, თუ რამდენად ცუდები ვართ.
აღზრდა მხოლოდ ის ნიღაბია, რომელსაც ჩვენს ბუნებასთან არაფერი აქვს საერთო. ადამიანებს ჰგონიათ, რომ აღზრდის რომელიმე მეთოდი უკეთესია, ვიდრე სხვა . სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ ერთი მნიშვნელობისანი არიან, ჩვენ, ყველანი ერთნაირები ვართ, მხოლოდ ძალიან სწრაფად ვახერხებთ იმას, რომ შევამჩნიოთ სხვისი ნაკლი, ჩვენივე მძიმე შეცდომების მიმართ კი ბრმანი ვართ. თუ ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, მაშინ სხვის მდგომარეობაში შესვლასაც მოვახერხებთ და ამ დროს მივხვდებით, რომ სხვებზე უკეთესები არა ვართ. თუ გსურთ უკეთესები იყოთ, მაშინ დაეხმარეთ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს. დღესდღეობით კი ადამიანები ერთმანეთს უშლიან ხელს და აბრკოლებენ. ერთ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არ შეუძლია მეორეს დაეხმაროს და ფეხზე წამოაყენოს, რადგან მას იმის უნარიც კი არ შესწევს, რომ საკუთარ თავს დაეხმაროს.
თავდაპირველად საკუთარ თავზე უნდა დაფიქრდეთ, საკუთარ თავს უნდა მიესწრაფოთ, ჩაუღრმავდეთ. თქვენ ეგოისტი უნდა იყოთ, ეგოიზმი უანგარობის პირველი ეტაპია, ქრისტიანობის გზაზე. რასაკვირველია, ეს ეგოიზმი კარგი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რომელიც კეთილი მიზნის მიღწევაში შეგვიწყობს ხელს. ეს ძალიან ძნელია. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით როგორ ხდება ადამიანი ჩვეულებრივი ეგოისტი, და სწორედ ამითაა განპირობებული დღევანდელი მდგომარეობა, ის სიტუაცია, რომელშიაც ამჟამად ვიმყოფებით. ბავშვები მუდამ ჩვენი თავების მიხედვით უნდა შევაფასოთ.
თუ ბავშვისთვის სიკეთე გსურთ, აუცილებელია თქვენი საკუთარი თავისთვის გსურდეთ სიკეთე, რადგან თუ თქვენ უკეთესობისკენ შეიცვლებით, თქვენი ბავშვებიც უკეთესობისკენ შეიცვლებიან. მათივე სასიკეთო მომავლის გულისთვის, ბავშვები დროებით უნდა დაივიწყოთ და საკუთარ თავებს მიხედოთ.
როდესაც ჩვენი თავით კმაყოფილი ვართ, შეგვიძლია ბავშვების აღზრდა უწინდებურად მშვიდად გავაგრძელოთ, მაგრამ ვართ კი ჩვენი თავით კმაყოფილი?
ჩვენ მუდამ ჩვენი თავით უნდა დავიწყოთ და მაგალითად საკუთარი თავი მოვიყვანოთ, რადგან სხვა ადამიანს ვერ ჩავწვდებით იმ ნიღბის გამო,რომელსაც იგი ატარებს. როდესაც საკუთარ თავს ჩავწვდებითა განვჭვრეტთ, მხოლოდ მაშინ გავიგებთ სხვათა შინაგან ბუნებას, რადგან შინაგანად ყველა ადამიანი მსგავსია, თანაბარია: სხვებიც ისეთივენი არიან როგორებიც ჩვენ ვართ. მათაც აქვთ კეთილი ზრახვები, რომ გახდნენ უკეთესები და არ შეუძლიათ ეს. ეს მათთვისაც ისევე ძნელია, როგორც ჩვენთვის. ისინი ისეთივე უბედურები არიან და ისეთივე სინანულისა და მონანიების უნარი გააჩნიათ, როგორც ჩვენ. თუ თქვენ გეცოდებათ საკუთარი თავის, მაშინ მომავლის გულისთვის სხვებიც უნდა შეიცოდოთ და გებრალებოდეთ.
უდიდესი შეცდომაა ის, რომ ჩვენ განვაგრძობთ ბავშვის აღზრდას მაშინ, როცა ეჭვის შეტანას ვიწყებთ ამ აღზრდაში, გწამდეთ იმისი, რასაც აკეთებთ, განეწყვეთ პასუხისმგებლობის გრძნობით და ეჭვების საფუძველიც აღარ გექნებათ.
კანონი მოითხოვს, რომ თქვენმა ბავშვმა სკოლაში იაროს. დაე, წავიდეს! მაგრამ თქვენ, როგორც მამა, სკოლას არ დასჯერდეთ, მხოლოდ სკოლით არ შემოიფარგლოთ. საკუთარი გამოცდილებით იცით, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნას, ინფორმაციას იძლევა და მხოლოდ ერთ ცენტრს ავითარებს. ამიტომ უნდა ეცადოთ, ამ ცოდნას სიცოცხლე მიანიჭოთ და ხარვეზები შეავსოთ. მართალია ეს მხოლოდ კომპრომისია, მაგრამ ზოგჯერ კომპრომისიც დიდ მნიშვნელობას იძენს.
შეკითხვა: როგორ გავუძღვეთ ბავშვის აღზრდას, როგორ ვუხელმძღვანელოთ მას?
პასუხი: საერთოდ, ბავშვის აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს იმ პრინციპს, რომ ყოველივე მისი ნება-სურვილიდან გამომდინარეობდეს. არაფერი არ უნდა მივაწოდოთ მას მზა და დასრულებული, პირდაპირი ფორმით. ბავშვს შეიძლება მხოლოდ წარმოდგენა შევუქმნათ, წარვმართოთ მისი მოქმედება, ანდა მივცეთ არაპირდაპირი მისახვედრი, მისანიშნებელი მითითებები, რომლის დროსაც შორიდან ვიწყებთ და ერთი პუნქტიდან მეორეზე გადავდივართ. მე არასდროს არ ვასწავლი პირდაპირ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მოსწავლეები ვერაფერს ისწავლიდნენ. როდესაც მსურს რომ მოსწავლე შეიცვალოს, გარდაიქმნას, მე შორიდან ვუვლი, ანდა სხვა ვინმეს მივმართავ და იგი ამით სწავლობს. ხოლო როდესაც ბავშვს პირდაპირ ვესაუბრებით, მზა ფორმით ვასწავლით იგი მექანიკურ აღზრდას მიიღებს და საბოლოოდ ასეთივე მექანიკური გამოვლინებები ექნება.


მასწავლებელი და კლასი - როგორ ჩავატაროთ ეფექტური გაკვეთილი
სიახლეების არქივი16 აპრილი , 2014

იმ მასწავლებლის ოსტატობა, რომელსაც შეუძლია აუდიტორიის აყვანა, სინამდვილეში დეტალებისგან შედგება. როგორ ვმართოთ დისციპლინის შესანარჩუნებლად მოსწავლეების ყურადღება და საკუთარი ხმის ტემბრი? ბევრი პედაგოგი ამ კითხვებს -  მრავალწლიანი გამოცდილების, ბევრიც რიგი შეცდომების დაშვების შემდეგ პასუხობს. თუმცა ეს მიდგომები კარგა ხნის შესწავლილია, მათ შორის წიგნში „ცოდნიდან უნარებამდე. უნივერსალური წესები ნებისმიერი უნარების გასავარჯიშებლად", რომლის ავტორები დუგ ლემოვი, ქეითი ეცი და ერიკა ვულვეი  სწავლების ე.წ. მზა რეცეპტებს გვთავაზობენ.

ძლიერი ხმა - მასწავლებლებმა/ მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ ძლიერ ხმაზე, ხმაში აქცენტების გადანაწილებაზე, რაც კლასის მართვის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია კარგ მასწავლებელს რთულად სამართავ კლასში უშვებს. კარგი მასწავლებელი ახერხებს მოსწავლეების მართვას, გარკვეული მეთოდით კლასს მოსმენასაც აიძულებს. ამ მეთოდის ფარგლებში მასწავლებელი იყენებს შემდეგ უნარებს: პირველია ლაკონურობა. რაც უფრო მოკლედ და ზუსტად საუბრობს მასწავლებელი, მით უფრო ძლიერია ეფექტი. ზედმეტი მჭერმეტყველება იმის სიგნალია, რომ მასწავლებელი ნევროზულია და არ აქვს მყარი ცოდნა. ზუსტად შერჩეული სათქმელი საპირისპირო ეფექტის მქონეა. მასწავლებელმა აზრი მარტივი სინტაქსური კონსტრუქციებით უნდა გადმოსცეს. გაკვეთილის მთავარი ხაზი არ უნდა დაიკარგოს არაფრისმთქმელ საინფორმაციო კორიანტელში.  

ნუ ისაუბრებთ მოსწავლესთან ერთად. მასწავლებლის სიტყვა წონიანი უნდა იყოს. დაელოდეთ სრულ სიჩუმეს კლასში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ საუბარი. ამით მოსწავლეებს აჩვენებთ, რომ კლასში სიტუაციას თქვენ განაგებთ, თქვენ წყვეტთ - ვინ და როდის გამოთქვას აზრი. მაგალითად, თუ აპირებთ თქმას: „ბავშვებო, ამოიღეთ რვეულები და ჩაინიშნეთ დავალება",  დაელოდეთ, სანამ მოსწავლეები გაჩუმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაანიშნინეთ დავალება. თუ უყურადღებოდ ისმენენ, სიტყვა გაწყვიტეთ. შეისვენეთ. ნუ შეიცვლით დგომის პოზას. გამოხატეთ თქვენი კატეგორიული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ სიმშვიდეში საუბრობთ.  
ნუ მისცემთ მოსწავლეს იმის საშუალებას, რომ ჩაგრთოთ მის მიერ წამოწყებულ დიალოგში. მასწავლებელს თავისი გეგმა-მიზანი აქვს და გაკვეთილის ბოლომდე მას უნდა მიაღწიოს. ეს პრინციპი განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს შენიშვნას აძლევს. აი, მაგალითიც: დევიდი წინ მჯდომი მარგარეტის სკამს ფეხებით აქანავებს. მასწავლებელი ეუბნება: „დევიდ, ნუ აწუხებ მარგარეტს." დევიდი პასუხობს: „მასწ, ის თვითონ მაწუხებს". მასწავლებელს უნებურად უჩნდება ამ დიალოგის განვრცობის სურვილი. „მარგარეტ, მართლაც ასეა?" როგორც კი მასწავლებელი ამ კითხვას დასვამს, ის მოსწავლის მიერ ინიცირებულ არაფრისმომტან დიალოგში ერთვება, რის შედეგადაც იწირება გაკვეთილის დრო. ამიტომ მასწავლებელს კატეგორიული რეაქცია უნდა ჰქონდეს: „დევიდ, გთხოვ, გაწიო ფეხი და მეორედ აღარ შეაწუხო მარგარეტი".  თუ დევიდი თავის მართლებას შეუდგა, ეს თემა აღარ განავრცოთ და გაკვეთილს დაუბრუნდით.  
უყურეთ მოსწავლეებს თვალებში, არ დაიძრათ ადგილიდან. რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, ის არავერბალურ კომუნიკაციასაც იყენებს. ამ დროს „სხეულის ენა" მუშაობს. თუ გინდათ, რომ თქვენი სიტყვების მნიშვნელოვნება ხაზგასმული იყოს, მთელი სხეულით შეტრიალდით იმ მოსწავლისკენ/მოსწავლეებისკენ, ვისაც მიმართავთ. ეცადეთ, ბავშვებს თვალებში უყუროთ. ისაუბრეთ მხრებში გამართულმა ან ოდნავ წინ გადახრილმა. ამით კლასს აჩვენებთ, რომ  სიტუაციას თქვენ, მასწავლებელი მართავთ. არ შეიცვალოთ ადგილი, საიდანაც მოსწავლეებს ესაუბრებით და დავალებას აძლევთ. ნაკლებად მიმართეთ ჟესტიკულაციას. ოფიციალური დგომის პოზა ძალიან ეფექტურია.  

სიჩუმის ძალა. ჩვეულებრისამებრ, ის მასწავლებელი, რომელიც შიშობს, რომ კლასი მას არ მოუსმენს, ძალიან ხმამაღალ და სწრაფ საუბარს იწყებს. ჩქარი და სწრაფი საუბარი ღელვის, შიშის და დაკარგული კონტროლის პირველი სიგნალია. მოსწავლები გრძნობენ, რომ მასწავლებელი დაჯაბნეს. ემოციებს მისი ისტერიკამდე მიყვანა შეუძლიათ, რაც საკონტროლოს წერასა და ამოცანის ამოხსნაზე გაცილებით სასურველია მოსწავლეებისთვის. პარადოქსულია, მაგრამ მასწავლებლის ზედმეტად ხმამაღალი საუბარი კლასში ხმაურს კიდევ უფრო აძლიერებს. თუ გსურთ, რომ ყურადღებით გისმინონ, ისაუბრეთ გარკვევით, თავდაჯერებით და მშვიდად. პერიოდულად ხმას დაუდაბლეთ კიდეც, რათა იმატოს სიჩუმის ძალამ. მშვიდი, გაწონასწორებული და მცოდნე მასწავლებელი ბავშვებში მეტ ავტორიტეტს იმსახურებს.  

ასპროცენტიანი ჩართულობა. ეს იმ მოსწავლეთა რაოდენობაა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში უნდა იყოს ჩართული. დიახ, არავითარი ფანტასტიკის სფერო. კარგი  მასწავლებლები პოზიტიური მიდგომების გამოყენებით ამ შედეგს რეალურად აღწევენ. ისინი მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის სამ ძირითად მეთოდს იყენებენ.

    
კორექცია არ უნდა იყოს თავს მოხვეული და აგრესიული. კლასის ასპროცენტიანი ყურადღება მასწავლებელს გაკვეთილის ნორმალური ჩატარებისთვის სჭირდება. მასწავლებელი, რომელიც ბავშვების დაშოშმინებაზე კარგავს დროს, იმ მოსწავლეების ყურადღებასაც ფანტავს, ვინც მზადაა უსმინოს. დროის მინიმალური დანაკარგით დისციპლინის შენარჩუნება გაკვეთილის თანმდევი პროცესია. ამისათვის აუცილებელია: 1. არავერბალური კორექცია - გაკვეთილის მთავარი თემიდან გადახვევის გარეშე ცელქ ბავშვებთან მუდმივი  კონტაქტი ჟესტებისა და გამოხედვის, „სხეულის ენით" საშუალებით. 2. პოზიტიური ჯგუფური კორექცია - შეახსენეთ მთელ კლასს რა არ უნდა აკეთონ, ნუ ეტყვით ამას სათითაოდ ყველა მოსწავლეს. 3. ინდივიდუალური ანონიმური კორექცია - თქვენი შენიშვნა ასე უნდა ჟღერდეს: „კლასი ელოდება როდის გაჩუმდება ეს ორი მოსაუბრე და მხოლოდ ამის შემდეგ განვაგრძობთ გაკვეთილს". 4. ინდივიდუალური კორექცია - თუ კონკრეტულ მოსწავლეს აძლევთ შენიშვნას, გააკეთეთ ეს სხვებისთვის შეუმჩნევლად. შეგიძლიათ წესრიგის დამრღვევთან მიხვიდეთ, მხაზრე ხელი დაადოთ ან დაიხაროთ და თხოვოთ, რომ მოგისმინოს. 5. სწრაფი საჯარო კორექცია - ინდივიდულაური კორექცია ყოველთვის არ ჭრის, ამიტომ შეგიძლიათ მოსწავლეს მთელი კლასის გასაგონად მიმართოთ. მაგალითად, ასე: „კვენტინ, სად იყურები? უკანა მერხებზე მსხდომებმა მომაქციეთ ყურადღება!" არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ და განავრცოთ ეს თემა. 6. დასჯა - უკიდურესი მეთოდი, რომლის დროსაც მასწავლებელმა არ უნდა ჩაშალოს გაკვეთილი. მან გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ უნდა მიიღოს. თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, დამსჯელობითი მეთოდების გამოყენება მიუღებელია. მასწავლებელმა ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა იპოვნოს უმტკივნეულო გამოსავალი.
საუკეთესო მასწავლებლები კლასში შესვლისთანავე ამჩნევენ გაკვეთილზე ნაკლებად კონცენტრირებულ მოსწავლეებს და მათ უყურადღებობას მალევე აღკვეთენ.
კარგ მასწავლებელს არ ეუხერხულება მთელი კლასის თანდასწრებით შეაქოს ზარმაცი მოსწავლე, რომელმაც დავალება სხვებზე უკეთ შეასრულა.

  
მასწავლებლის მიზანი არ არის მიიპყროს მთელი კლასის ყურადღება, ყურადღება საშუალებაა, ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებით მოსწავლეებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ. „მიყურეთ, თორემ ვერაფერს გაიგებთ" - სჯობს ასეთი შენიშვნა მისცეთ, ვიდრე: „ყველამ უყურეთ მასწავლებელს. თქვენ ეს უპირობოდ უნდა შეასრულოთ".
უნივერსალური მოთხოვნის კომპონენტი - მასწავლებელი მიმართავს კლასს: „მინდა, რომ მხრებგამართული ისხდეთ" ან „ჩვენ ყველა მხრებში ვიმართებით", და არა: „თვალებში მიყურეთ, როცა მე ვლაპარაკობ".
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ჰიპერაქტიურთა "მორჯულება"
სიახლეების არქივი21 იანვარი , 2014
ჰიპერაქტიური ბავშვის ამოცნობა იოლია: ის უჩვეულოდ მოუსვენარია და თითქმის არასოდეს იღლება; წუთითაც ვერ გააჩერებ წყნარად - განუწყვეტლივ მოძრაობს. ასეთ ბავშვებს მასწავლებლები და მშობლები ხშირად უწყრებიან, ცდილობენ, სხვადასხვა მეთოდით „მიაჯაჭვონ ადგილს", მაგრამ უშედეგოდ. ამ ბავშვებს უჭირთ სკოლაში სწავლა, სოციალური და ემოციური ადაპტაცია, რადგან ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. მათ პასუხი მანამდე აქვთ მზად, ვიდრე რამეს ჰკითხავთ, თამაშშიც ყველაზე ცქვიტები არიან, თუმცა ცუდად აკონტროლებენ თავიანთ ემოციებსა და რეაქციებს.

ბოლო ხანს სულ უფრო მეტი მკვლევარი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკვები და მისი ხარისხი ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ აუცილებელია მათი რაციონის მართვა. აი, მარტივი რჩევა: ამოიღეთ ჰიპერაქტიური ბავშვის მენიუდან შოკოლადი, სინთეზური კონსერვანტები და საღებავ-არომატიზატორების შემცველი ნაწარმი - შეამჩნევთ, რომ ბავშვს გაცილებით უკეთ სძინავს.

ამერიკელმა მკვლევრებმა ჰიპერაქტიური ბავშვების შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ მათ 74%-ს გლუკოზის მეტაბოლიზმი დარღვეული აქვს. ჭარბი ენერგიის წყარო კი არა მხოლოდ შაქრის შემცველი პროდუქტები, არამედ ხილის წვენებიცაა.

უკვე დადასტურდა უშუალო კავშირი ჰიპერაქტიურობასა და კვებით ალერგიებს შორის. ალერგენი შესაძლოა იყოს როგორც სინთეზურ საღებავში, ასევე ნატურალურ რძესა თუ ხორბალშიც.

ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთი მიზეზი მაგნიუმის ნაკლებობაა. მაგნიუმი გლუკოზის დაშლისთვის არის საჭირო. მის დეფიციტს ტკიბილეულისა და სწრაფი კვების მოყვარულები განიცდიან. მაგნიუმის ნაკლებობას ანტიბიოტიკების ხშირი მიღებაც იწვევს.

ინგლისში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დღიურად 200 მგ მანიუმს იღებენ, ჰიპერაქტიურობის სიმპტომები შედარებით სუსტი აქვთ. მაგნიუმით მდიდარია ნიგოზი, ქატო, მზესუმზირა, წიწიბურა, შვრია, არაქისი, ბანანი და სხვ. მაგნიუმის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ მინერალის წყალობით აქტიურდება ჩვენს ორგანიზმში 350-მდე სხვადასხვა სახის სასიცოცხლო პროცესი, მათ შორის - საჭმლის მონელება, კუნთების შეკუმშვა და მოდუნება, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება, ახალი უჯრედების წარმოქმნა, B ჯგუფის ვიტამინების გააქტიურება, გულის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ტვინის, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობა. მაგნიუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ყველა სასიცოცხლო პროცესზე.

ჰიპერაქტიური ბავშვის ტვინს მეტი საკვები სჭირდება. მის ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემა გაძლიერებულია. ქოლინი და ლეციტინი ჰიპერაქტიური ბავშვების ნერვული სისტემის ფარია. ამ ნივთიერებებს უხვად შეიცავს კვერცხი, ღვიძლი, თევზი, რძე.

ჰიპერაქტიური ბავშვების ნერვული სისტემის მდგრადობისთვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინებიც. ზოგიერთი ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ ეს დანამატი ზრდის ბავშვების სწავლისუნარიანობას და აკორექტირებს მათ ქცევას. B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია ხორცისა და რძის პროდუქტები.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა


როგორ ვესაუბროთ მასწავლებელს
სიახლეების არქივი21 თებერვალი , 2014

ვიდრე ბავშვი სკოლის მოსწავლეა, მშობელი ვალდებულია ეკონტაქტოს მასწავლებელს. ზოგჯერ მათი ურთიერთობა ძალიან იძაბება, ზოგჯერ კი პედაგოგი ბავშვისა და მშობლის კეთილგანწყობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მუდმივად თხოვს მშობლებს დაინტერესდნენ თავიანთი შვილების სკოლის ცხოვრებით, ბევრი კარგ ან არცთუ სასიამოვნო ამბებს მხოლოდ მშობელთა კრებაზე იგებს.

თუ მშობელს შვილის სწავლის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება სურს, მშობელთა კრებაზე იმედგაცრუებული დარჩება. კარგად დაგეგმილ კრებაზე მასწავლებელი ცალკეული ბავშვების ქმედებებზე სხვა მშობლების თანდასწრებით არ საუბრობს და ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. კრების მიზანია მასწავლებელმა მშობლებს აცნობოს, რა მდგომარეობაა კლასში, რა პრობლემები აქვს კლასს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. 

სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ბავშვებზე კოლექტივი, ანუ კლასი მძლავრ გავლენას ახდენს. თუ მშობელს არ ეცოდინება კლასის ზოგადი განწყობა, ვერასდროს მიხვდება, რა აწუხებს მის შვილს. 

არასასურველია მშობელმა თავად ჰკითხოს მასწავლებელს რამდენად წარმატებულია ან წარუმატებელი მისი შვილი. ამის გაგება პირადი შეხვედრის დროს აჯობებს. მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ სკოლაში მაშინ მოდიან, როცა თვითონ სცალიათ. მასწავლებელს კი, შესაძლოა, ამ დროს სხვა საქმეები ჰქონდეს. წინასწარი შეთანხმება ამ საკითხს იოლად დაარეგულირებს. მშობლებს ავიწყდებათ, რომ მასწავლებელს სკოლაში მჭიდრო გრაფიკი აქვს, სკოლის შემდეგ კი თავის ოჯახს უნდა მიხედოს.        
     
მასწავლებელთან შესახვედრად სასურველია მშობელი შეემზადოს და განსაზღვროს, რისი გაგება სურს მისგან. მშობელს პრეტენზიებიც რომ ჰქონდეს, დიალოგის რეჟიმიდან არ უნდა „ამოვარდეს". სანამ მშობელი მასწავლებელს შეხვდება,  უნდა დაფიქრდეს, რით არის გამოწვეული ის, რომ მისი შვილი კარგად არ სწავლობს. ხშირად ამის მიზეზი ოჯახური კონფლიქტებია, ჩვენ კი პრეტენზიებს მასწავლებელს ვუყენებთ. თუ სახლში დაძაბული სიტუაციაა, ამის შესახებ მასწავლებელმაც უნდა იცოდეს. ბავშვები ყველაფერს განიცდიან. მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვს თანადგომა უნდა გამოუცხადოს.     

თუ მასწავლებელი მოსწავლეს დაბალი კლასებიდან არ იცნობს, მშობელს შეუძლია მისი ბავშვობის ზოგიერთი დეტალი გააცნოს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაწყებით კლასებში კარგად სწავლობს, მერე კი სწავლაზე გულს იცრუებს. მიზეზების დადგენა აქაც მშობლის და მასწავლებლის ვალდებულებაა. შეაყვარებს თუ არა თავის საგანს მასწავლებელი, ეს უკვე მხოლოდ მასზე და ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული.
თუ ბავშვი კლასელებთან კონფლიქტობს, უპირველესად, ამას მშობელს უზიარებს და არა მასწავლებელს. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი მშობელმა და მასწავლებელმა ერთად უნდა ეძიონ.          

ხშირად ბავშვები მასწავლებელებს უჩივიან და ცდილობენ ბევრ რამეში დაადანაშაულონ - კარგად არ მასწავლის, ხმას უწევს, არ იცის თავის საგანი... ვიდრე მშობელი ბავშვს დაუჯერებს, აუცილებელია მასწავლებელს გაესაუბროს, მშვიდად და არგუმენტირებულად. ბავშვებს ჩვევიათ სიტუაციის გაბუქება ან მისი არასწორად აღქმა. 

როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს მასწავლებელი, მშობელმა არ უნდა შეურაცხყოს. ამით საქმეს არ ეშველება. მასწავლებელი, რომელიც შენიშვნას არ იმსახურებს და მაინც მიიღებს, განაწყენდება და ინერვიულებს ან ბავშვის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. ნებისმიერი აგრესია ბადებს აგრესიას. მასწავლებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს უნდა გვახსოვდეს. 

თუ მშობელმა ნამდვილად იცის, რომ მასწავლებელი მისი შვილის წინაშე დამნაშავეა, უკეთესია, სიტუაციის გარჩევას ბავშვი არ დაასწროს. შესაძლოა, მასწავლებელმა ახსნას, რატომ ამოეწურა მოთმინება, რატომ წამოცდა არასასურველი სიტყვა, რატომ იყო იმ დღეს უგუნებოდ და კონფლიქტიც მალევე მოგვარდება. მშობელმა დიალოგი  შეტევითი ფრაზით - „თქვენ დამნაშავე ხართ" -არ უნდა დაიწყოს. უმჯობესია თქვას:   „ძალიან განვიცდი ამ სიტუაციას", რაზეც მასწავლებლის მობოდიშებას მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო არავინაა.         

მშობელი არასოდეს უნდა გამოექომაგოს ბავშვს ასეთი ფრაზით: „მათემატიკას თუ ვერ სწავლობ, არაფერია. მეც ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომ ვერ ვსწავლობდი, მაგრამ, ხომ ხედავ, დღეს ყველაფერი კარგად მაქვს". ეს ბავშვისათვის ცუდი მესიჯია. შვილისთვის მშობელი ავტორიტეტია და ამიტომ მათემატიკას არც მომავალში ისწავლის.   

სანამ მშობელი ბავშვის დაბალი ნიშნების გამო მასწავლებელს პასუხს მოთხოვს, შვილის რვეულები და კონსპექტები საგულდაგულოდ უნდა ნახოს. იქნებ, მასწავლებელთან მისვლა საჭირო არც იყოს. თუ მასწავლებელი ბავშვს უმიზეზოდ ჩაგრავს, ასეთი ბავშვები კლასში სხვებიც იქნებიან. მშობლები ჯერ დამრიგებელს უნდა გაესაუბრონ. შემდეგ კი საგნის მასწავლებელს შეხვდნენ. მასწავლებელს მშობლები თავიდან ვეღარ აღზრდიან, მაგრამ მისი სხვა მასწავლებლით ჩანაცვლება განცხადების საფუძველზე ყოველთვის შეიძლება.     

თუ ბავშვს დაბალი ნიშანი დამსახურებულად ეკუთვნის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი ბავშვის მიმართ ცუდად არის განწყობილი, ის მხოლოდ მისი სწავლითაა უკმაყოფილო. მასწავლებლის ინტერესში არ შედის ჰყავდეს დაბალი მოსწრების მოსწაველეები. სწავლა შრომაა და შრომას მიჩვევა უნდა. მასწავლებელში მშობელი თანამოაზრეს უნდა ხედავდეს, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 



რატომ უყვართ ბავშვებს სკოლა?
თარიღი: 04 აპრილი 2014
ავტორი: მარინე ჯაფარიძე

„ნამდვილად გაუგებარია, სწავლების თანამედროვე მეთოდებმა აქამდე სრულად როგორ ვერ გაანადგურეს წმინდა მაძიებლური ცნობისმოყვარეობა. ამ პატარა ნაზ მცენარეს სტიმულაციაზე მეტად თავისუფლება სჭირდება. მის გარეშე იგი წყვეტს განვითარებას და იღუპება". ა. აინშტაინი
მეოცე საუკუნის ბოლოს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ერთმანეთს შეადარეს 102 სკოლის რამდენიმე სხვადასხვა მონაცემი (აკადემიური წარმატება, მე - კონცეფცია, ცნობისმოყვარეობა, შფოთიანობა, კონტროლის ლოკუსი, კოოპერაცია და სხვა ). შედარებით კვლევაში მონაწილეობა ათასმა მასწავლებელმა და ათასობით მოსწავლემ მიიღო. აღმოჩნდა, რომ ტრადიციული სკოლისგან განსხვავებით, ჰუმანისტური, პიროვნებაზე ცენტრირებული სკოლების ფასილიტატორი მასწავლებლის მოსწავლეები:
·მეტად ეკონტაქტებიან მასწავლებელს და ერთმანეთს, მეტ შეკითხვებს სვამენ;
·უფრო ინიციატივიანები არიან;
·მეტ დროს ანდომებენ საკუთარი სასწავლო ამოცანების გადაჭრას, კოგნიტურ ფუნქციონირებას (უფრო მეტად ცდილობენ სააზროვნო სტრატეგიების დაუფლებას, ვიდრე დამახსოვრებას );
·ნაკლებად აცდენენ მეცადინეობებს;
·უფრო მაღალი თვითშეფასებით ხასიათდებიან;
·უფრო მაღალი აკადემიური წარმატებებით გამოირჩევიან ყველა სასწავლო საგანში;
·უფრო შემოქმედებითები არიან;
·კოგნიტურთან ერთად, გამოირჩევიან აფექტური სფეროს განვითარებითაც და სხვა.

თვითონ მასწავლებლები :
· მეტად არიან ორიენტირებულები ინდივიდუალურ, დიფერენცირებულ და შემოქმედებით მიდგომაზე;
· მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვის განცდებს;
·ხშირად მართავენ მოსწავლეებთან დიალოგს;
·სასწავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით მოსწავლეებთან თანამშრომლობენ;
·მუშაობისას ითვალისწინებენ მოსწავლეთა შეხედულებებს;
·ხშირად იღიმიან გაკვეთილზე და სხვა.
შედეგები ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა თვითონ მკვლევრებისთვისაც - ჰუმანისტურ სკოლებში ბავშვებს უყვართ სწავლა! მოსწავლეები ამის მრავალ მიზეზს ასახელებენ. მათ გამონათქვამებში ასახული ოპტიმიზმი გააზრებულ ახსნას მოითხოვს. მკვლევრებმა სცადეს კიდეც მისი ახსნა.
რა თავისებურებებით ხასიათდება ის სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს განვითარდეს და თანაც ხალისიანი და ბედნიერი იყოს? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ამ კვლევაში მონაწილე მოსწავლეების გამოცდილებიდან? მკვლევრებმა რამდენიმე ასპექტი გამოყვეს:
1.მოსწავლეებს სურთ, რომ მათ ეპყრობოდნენ ნდობითა და პატივისცემით. მოვიტანთ რამდენიმე გამონათქვამს: „ყველა მასწავლებელი პატივს გვცემს და ჩვენც ასევე ვიქცევით"; „ისინი კი არ ლაპარაკობენ, არამედ გველაპარაკებიან, ზემოდან არ გვიყურებენ"; „მასწავლებელი გვენდობა, იცის, რომ ჩვენ ამ სამუშაოს ისე შევასრულებთ, როგორც შეგვიძლია"; „მასწავლებელი კი აღნიშნავს, რომ ეს გარკვეული რისკია, მაგრამ საჭირო და სასარგებლო. მოსწავლეს უნდა ენდო. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის დევიზია: განათლება არის რისკი, რომ ენდო";
2. მოსწავლეებს სურთ თავი იგრძნონ სასკოლო ოჯახის წევრებად. მკვლევრები მიუთითებდნენ , რომ სიტყვა „ოჯახს" სკოლის მიმართ თითქმის ყველა მოსწავლე იყენებს: „ისინი ისე გვეპყრობიან, თითქოს ოჯახში ვიყოთ"; „მე ეს სკოლა ავირჩიე და არც ვნანობ, თითქოს სახლში ვარ..."; ერთ-ერთი მშობელი კი ამბობს: „მომწონს „საგანმანათლებლო ოჯახის" იდეა, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეთა შორის კონტაქტი მჭიდროა, პარტნიორულ და ურთიერთპატივისცემის იდეაზეა დაფუძნებული, უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა მოვალეობასთანაა შერწყმული".
3. მოსწავლეებს სურთ, რომ მასწავლებლები დამხმარენი იყვნენ. „ჩემს მასწავლებლებს ყოველთვის აინტერესებთ, რითი ვარ დაკავებული, ისინი ყველას მიმართ ყურადღებიანები არიან". მკვლევარი წერს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს მასწავლებელი 140 მოსწავლეს ყოველდღიურად გაესაუბროს, პასუხობს - "ძალიან ძნელია. დღის ბოლოს მათ სახეზე აწერიათ, რომ დაღლილები არიან, მაგრამ მზად არიან დაგეხმარონ".
4. მოსწავლეებს სურთ ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. „მინახავს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, დისკუსიაში, სიტყვით გამოდიან კრებებზე, კონფლიქტურ სიტუაციებში... მონაწილეობენ ყველა ღონიძიებაში, რაც სასკოლო ცხოვრებას ეხება და სადაც მათი მონაწილეობა საქმეს წაადგება. ასეთ დროს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ, წაახალისებენ საკითხისადმი მათ აქტიურ დამოკიდებულებას (ნაწყვეტი კვლევის ანგარიშიდან). ერთ-ერთი მოსწავლე კი ამბობს: „ თუ მასწავლებლებმა ასწავლეს და აგრძნობინეს მოსწავლეებს, რომ ამ სამყაროში მათ თავიანთი ადგილი აქვთ, მაშინ მოსწავლეს უჩნდება სურვილი მეტი გაიგოს - ისწავლოს როგორ იცხოვროს უკეთ".

5. მოსწავლეებს სურთ თავისუფლება და არა ყველაფრისუფლება. ამ ორ რამეს ისინი კარგად არჩევენ. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სტრუქტურის მოქნილობა, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. „მიმაჩნია, რომ ჩვენი თავისუფლება უფრო მეტად თვითგამოხატვის საშუალებაა და არა ჩვენი უწესობის ან თვითკონტროლის უქონლობის გამოხატულება. ჩვენი თავისუფლება - ეს საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლებაა", - ამბობს მოსწავლე.
6. მოსწავლეებს სჭირდებათ ადგილი, სადაც მათ საქმე გააერთიანებთ. საერთო მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია თბილი, მასწავლებელ-მოსწავლეს შორის თანამშრომლობითი გარემოს არსებობის გარეშე. ყველა იმ სკოლაში, სადაც მოსწავლეს უხარია ყოფნა, არსებობენ მოსიყვარულე ადამიანები, რომლებიც მზრუნველობას სხვადასხვა სახით ავლენენ. მაგ, ერთ-ერთ სკოლაში დამლაგებელს თავისი რუბრიკაც კი აქვს სასკოლო გაზეთში, სადაც მისი სურვილებია გამოთქმული. ერთ-ერთმა მოსწავლემ მკვლევარს უთხრა: „მასწავლებლები ჩემზე ზრუნავენ, მეხმარებიან არა მარტო თავიანთ საგანში, არამედ სხვა საგნებშიც და პირადი პრობლემების გადაჭრაშიც კი. სხვა სკოლაში საგნის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს სხვა საგანში რა მდგომარეობა მაქვს, მთავარია მის საგანს ვსწავლობდე... ჩვენთან ასე არაა..."
7. მოსწავლეებს სურთ მასწავლებლი, რომელიც დაინტერესებულია მათი წარმატებით და არა მარცხით. ერთ-ერთი მოსწავლე მკვლევარს უყვება: „ჩემი მასწავლებელი საშუალებას არ მაძლევს დავმარცხდე, ისეთი რთული მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, რომ მეგონა, აღარაფერი მიშველიდა. მოვა ჩემთან, შემეკითხება, გაარკვევს რა მიჭირს, დამეხმარება, დამატებით მამეცადინებს და ბევრს ისეთ რამეს ჩამიტარებს, რაც არც კი ევალება. არა მარტო მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში მეხმარება, არამედ აინტერესებს, მე როგორ ვაკეთებ ამას, რას ვფიქრობ ამოცანაზე. როცა მას „ფანჯარა" აქვს, შემიძლია ვთხოვო დახმარება და უარს არ მეტყვის, დამელაპარაკება ოჯახურ პრობლემებზეც კი, მომისმენს". ერთმა სპეც./სკოლის („ცუდი ქცევის" ) მოსწავლემ მკვლევარს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ წაახალისა ის მასწავლებელმა წარმატებისკენ და ააცილა ციხის გზას: „მან შანსი მომცა. როდესაც რაიმეს არასწორად ვაკეთებდი, ის ნებას მრთავდა კვლავ და კვლავ მეცადა, ვიდრე არ გამომივიდოდა. მოთმინებით ელოდა ჩემს წარმატებას, ასეთი შანსი ბევრ მოსწავლეს არ აქვს, მე გამიმართლა. ასეთ დროს ბევრი მასწავლებელი გაჩქარებს, გიყვირის, საერთოდ არ გელაპარაკება, ან შეიძლება კლასიდანაც გაგაძევოს. ჩემი მასწავლებელი კი არასოდეს მაძლევდა საშუალებას დავნებებულიყავი". მასწავლებლის ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ღირებულია „ცუდი ქცევის" მოსწავლეების მიმართ. კ.როჯერსი წერს: "ერთი კოლეგა ციხის სკოლაში ასწავლიდა. მან მითხრა, რომ აღმოაჩინა 3 სერიოზული მიზეზი, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ გაარღვიონ დანაშაულისა და სასჯელის წყეული წრე: 1. ყველა მათგანს აქვს წაკითხულის გააზრების პრობლემა, რაც ხელს უშლით სოციალური წარმატების მიღწევაში; 2. მათ ვერ გაიხსენეს მასწავლებლები, რომლებიც ადამიანურად ეპყრობოდნენ; 3. ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, როცა პრობლემებს ქმნიდნენ.….. საუკეთესო საშუალება დანაშაულის ტალღის შესაჩერებლად, რომელმაც წალეკა ჩვენი ქვეყანა, სკოლების გაადამიანურება შეიძლება აღმოჩნდეს და არა ახალი ციხეების აშენება”, - ასკვნის ის.
8. მოსწავლეებს სურთ ჰქონდეთ არჩევანი, თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო პროგრამის შერჩევისასაც კი, ოღონდ სასკოლო ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში. მათ სურთ სრული თავისუფლება, მაგ. ფაკულტატური მეცადინეობის, წრეების შერჩევისას. აი, რას ყვება სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე: „ჩემს სკოლაში ყველა მოსწავლეს საშუალებას აძლევენ ყოველ ოთხშაბათს, დილით, 2 საათი პატარებთან იმუშაოს საბავშვო მუზეუმში და მერე დაბრუნდეს სკოლაში. ჩემთვის ეს ძალიან სასარგებლოა, მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და ბევრ რამეს ვსწავლობ, ვემზადები მათთვის საინტერესო ამბების მოსაყოლად. ზოგი მოსწავლე ბაღში მიდის, ზოგი მუნიციპალიტეტში, ვისაც სად მოსწონს იქ დადის და ყველა კმაყოფილები ვართ. ამ საქმიანობაში ჩასართავად ვემზადებით, გავდივართ გასაუბრებას. ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს".
მკვლევრებმა მოსწავლეებს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა: 
1. თქვენ საუბრობთ თავისუფლებაზე, რას გულისხმობთ მასში? მოვიტანთ კვლევაში მონაწილე მოსწავლის გამონათქვამს: „ ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაკონტროლებული თავისუფლება, რომელიც დაცულობის განცდას გიქმნის. როცა უფლებას გაძლევენ და გეხმარებიან თვითონ გაიგო, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა".
2. რით გამოირჩევა თქვენი სკოლა? „აქ ბევრი რამ უკავშირდება თვითშეფასებას. ყველას გვეუბნებიან რა პოტანციალის მატარებლები ვართ და გვეხმარებიან მის განვითარებაში"; „მასწავლებლები და მოსწავლეები გვერდიგვერდ ვდგავართ"; „დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, მოსაწყენად არ გვცალია, ბევრი საინტერესო საქმე გვაქვს საკეთებელი".
3. როგორ ხდება თქვენი შრომის შეფასება? „ჩვენი ნამუშევრები ფასდება, შეიძლება წარუმატებლობა გელოდეს, მაგრამ დიდი ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ეს არც შენთვის და არც სხვისთვის კრახი არ არის. მასწავლებელი კი არ ჩაგისაფრდება რაში გამოგიჭიროს, არამედ წინასწარ გაფრთხილებს ამ მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ და გეხმარება, გვერდით გიჯდება, გელაპარაკება, მიგითითებს და შენც შეცდომის გამოსწორების შანსი გეძლევა".
4. უფროსკლასელები რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობთ კლასში ახალგადმოსული მოსწავლეების მიმართ? „რასაკვირველია, ისინი სხვა სკოლებიდან მოდიან. ვეკითხებით მათ - საიდან, რატომ მოვიდნენ. ვუხსნით, რომ არაფერი განსაკუთრებულის კეთება არ არის საჭირო, უბრალოდ, უნდა იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. და ეს ყველას მოსწონს".
5. რა პასუხს შემოხაზავდით სკოლაზე: „ვერ ვიტან სკოლას"; „არც მიყვარს, არც მეჯავრება"; „სკოლა კარგია"; „სკოლა მიყვარს". „პირადად მე, არც კი გავჩერდებოდი ამ სკოლაში, რომ არ მიყვარდეს. მე და ჩემს თანაკლასელებს ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია, სკოლა მიყვარს მეც და ჩემს მეგობრებსაც".

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებაში
თარიღი: 20 დეკემბერი 2013
ავტორი: ნინო ლაბარტყავა

„საღამოს 7 საათს ჩვენს სახლში თამამად შეიძლება ეწოდოს „ტრავმების დრო". ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამი შვილი, 7, 10 და 13 წლისანი, სამეცადინოდ სხდებიან. ამ დროს იწყება ხვეწნა-მუდარა, ვაჭრობა და გაღიზიანება. უდავოა, რომ საშინაო დავალების შესრულება აუცილებელია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ მეცადინეობამ უომრად ჩაიაროს?"
ეს წერილი მრავალშვილიანმა დედამ ამერიკელ პედაგოგ მიშელ ბორბას (ავტორს წიგნისა „უარი ცუდ ქცევას: 38 პრობლემური ქცევა და მათი აღმოფხვრის გზები") მისწერა. ალბათ დაგვეთანხმებით, ჩვენი მოსწავლეების მშობლებიც ხშირად შემოგვჩივიან იმავეს.
კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ როდესაც საშინაო დავალება შეესატყვისება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორებიც არის მიზანმიმართულობა და ორგანიზება.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ უნარების განვითარება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის" როლს.
გთავაზობთ შვიდ სტრატეგიას დავალების შესრულებაში პატარების დასახმარებლად:

1. პირველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის მოაწყობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ცალკე ოთახი, ისე სახლის ნებისმიერი მყუდრო კუთხე კარგი განათებით. ბავშვის დახმარებით განათავსეთ იქ ყველა საჭირო ნივთი: საწერი კალმები, ფანქრები, სახაზავები, ლექსიკონები. სამეცადინო ადგილის მოწყობაში ბავშვიც ჩართეთ. მაგალითად, დაავალეთ, მოამზადოს ყუთები ნივთების ჩასაწყობად და დააწეროს (თუ წერა ჯერ არ იცის, დაეხმარეთ), რას ინახავს ამა თუ იმ ყუთში.
2. ითანამშრომლეთ მასწავლებელთან. გაარკვიეთ, როდის ცხადდება ტესტირების/შემაჯამებელი აქტივობის თარიღები; როდის ხდება წაკითხული წიგნების ანგარიშების წარდგენა, რა კრიტერიუმებით ფასდება მოსწავლის ნამუშევრები, რა ფორმით ითხოვენ პრეზენტაციას სკოლაში.
3. ბავშვთან შეთანხმებით შეარჩიეთ სამეცადინო დრო, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს რეჟიმი მთელი წლის განმავლობაში. პატარა მოსწავლე ხალისით აგყვებათ, თუ მასთან ერთად დახატავთ საათს და მონიშნავთ მასზე დროს, როდესაც მეცადინეობა უნდა დაიწყოს.
4. აჩვენეთ ბავშვს, რომ საშინაო დავალების შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებით, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს და ეს მისი მოვალეობაა.
5. დაგეგმეთ მეცადინეობის პროცესი. აჩვენეთ ბავშვს, როგორ შეადგინოს შესასრულებელი დავალებების სია პრიორიტეტების მიხედვით. განუვითარეთ ჩვევა, შესრულების შემდეგ აღრიცხოს უკვე შესრულებული აქტივობა.
6. დაყავით დავალებები ნაწილებად. ეს დიდად დაეხმარება ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ დიდ დავალებებზე კონცენტრირება. აუხსენით, რომ ჯერ დავალების ერთი ნაწილი უნდა შეასრულოს, მერე - მეორე. წაახალისეთ იგი. თანდათანობით გაუზარდეთ დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებების მოცულობა.
7. შემოიღეთ წახალისებისა და სანქციების სისტემა. ვინაიდან საშინაო დავალებების შესრულება ის სასურველი ქცევაა, რომელიც მოსწავლემ უნდა განახორციელოს, წაახალისეთ იგი დავალების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, თუ დაინახავთ, რომ მან დროულად არ დაიწყო მეცადინეობა, გააჭიანურა იგი ან არ შეასრულა რომელიმე დავალება (დადარწმუნებული ხართ, რომ ამისთვის საპატიო მიზეზი არ ჰქონია), დააჯარიმეთ, ჩამოართვით მისთვის სასიამოვნო სტიმული.
ვიდრე მოქმედებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად გააანალიზეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს მიცემული დავალებების დაძლევა, გაიარეთ კონსულტაცია მასწავლებელთან იმის თაობაზე, რა სტრატეგიას იყენებს ის ბავშვთან, დააკვირდით, როგორ უფრო უადვილდება ბავშვს მეცადინეობა, რას აკეთებს უფრო იოლად, რომელ საგანს ითვისებს ყველაზე უკეთ.
ამის შემდეგ ბავშვთან ერთად შეიმუშავეთ სახლში მეცადინეობის გეგმა: რის შესრულება შეუძლია მას დამოუკიდებლად; სად და რა ფორმით დაეხმარებით; დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება სამეცადინოდ; წახალისების რა ფორმას გამოიყენებთ და ა.შ.
რით არის მნიშვნელოვანი მეცადინეობის პროცესის დაგეგმვა?
ეს ხელს უწყობს მოსწავლეს, თვითრეგულირებული სწავლის უნარი განივითაროს.
თვითრეგულირებული სწავლა 4 ფაზას მოიცავს. პირველია სასწავლო ამოცანის გაანალიზება. ბავშვი, სანამ დავალების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას ეხება იგი, რას ითხოვენ მისგან - ტექსტის მხოლოდ წაკითხვას, კითხვებზე პასუხის გაცემას თუ მცირე თხზულების დაწერას. თავდაპირველად თავად დაუსვით ეს კითხვები, იმსჯელეთ მასთან ერთად, გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები, მაგალითად, შესაბამისი წიგნი ან ლექსიკონი, რომელშიც უცხო სიტყვების განმარტებას მოიძებთ.
მეორე ფაზაა მიზნის დასახვა და გეგმის შედგენა. აქ უნდა დაანაწევროთ პროცედურები, რომლებიც საჭიროა დავალების სრულყოფილად შესსრულებისთვის და დრო, რომელიც, სავარაუდოდ, დაიხარჯება. მეცნიერები ფ. ვინი და დ. ჰედვინი მიიჩნევენ, რომ თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას დიდად ეხმარება შემდეგი ტიპის კითხვების დასმა:


პიროვნულ ნიშან-თვისებებთან დაკავშირებული:
▪ რა ცოდნის გამოყენება შემიძლია შემიძლია დავალების შესასრულებლად?
▪ როგორია ჩემი თვითეფექტიანობა? (მჯერა, რომ დავალების შესრულებას შევძლებ?)
მიზნების დასახვა:
▪ რაზეა ორიენტირებული ჩემი სასწავლო მიზნები (რა ნაბიჯები არის შესასრულებელი?)
▪ რა საბოლოო შედეგი მოჰყვება თითოეულ ნაბიჯს?
▪ რა სახის ძალისხმევაა საჭირო?
გეგმის შემუშავება:
▪ მაქვს თუ არა მსგავსი დავალების შესრულების გამოცდილება?
▪ როგორ მოვახდინო პროცესის მონიტორინგი?
▪ შესაძლებელია თუ არა უკუკავშირი მუშაობის პროცესში?
მესამე ფაზაში მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, როგორ შეიძლება მეცადინეობის პროცესის მონიტორინგი.
რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ დასახული გეგმა:
▪ აღწევს ბავშვი დასახულ მიზანს?
▪ საკმარისია მუშაობის ტემპი?
მეოთხე ფაზაში ხდება სწავლის რეგულირება. თვითრეგულირების ამ დონეზე მოსწავლეები წყვეტენ, საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა 3 ზემოხსენებულ საფეხურზე. მაგალითად, წინა მასალის გადახედვა, დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ა.შ.

ჩვევის განმტკიცება ან მოდიფიცირება რთული, თანმიმდევრული სამუშაოა, სადაც შედეგის მისაღწევად აუცილებელია სწორი წახალისება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველი შედეგი 21 დღის შემდეგ გახდება თვალსაჩინო. აქ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვს სხვადასხვა შესაძლებლობები და განვითარების ტემპი აქვს, ამიტომ, როდესაც ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ, მნიშვნელოვანია დაკვირვება ბავშვის ქცევაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.





Комментариев нет:

Отправить комментарий